საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები დღეს განახლდება .
როგორც წუხანდელი შეხვედრის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, არის სურვილი, რომ კანონი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, მიღებულ იქნას შეთანხმების რეჟიმში. მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა დღის წესრიგში საპარლამენტო უმცირესობასთან შეთანხმების მიღწევა დგას. შავგულიძის მტკიცებით, მათი სურვილია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
"ძალიან სერიოზული შედეგი უკვე მიღწეულია სასამართლო ხელისუფლებასთან იუსტიციის საბჭოს იმ წევრების არჩევასთან დაკავშირებით, რომლებიც აირჩევიან მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. უმრავლესობას გვაქვს სრული შეთანხმება სასამართლო ხელისუფლებასთან. ახლა დღის წესრიგში დგას, რომ მიღწეული იქნას შეთანხმება საპარლამენტო უმცირესობასთან საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევ ექვს წევრთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ამ ნაწილშიც მივაღწევთ შეთანხმებას და იუსტიციის საბჭოს ექვსი წევრის არჩევის წესსაც შეთანხმების რეჟიმში მივიღებთ", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
მისივე თქმით, გუშინდელ კონსულტაციებში მონაწილეობას მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვახტანგ ხმალაძე და ზაქარია ქუცნაშვილი იღებდნენ, ხოლო უმცირესობას პავლე კუბლაშვილი წარმოადგენდა. კონსულტაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა.