სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს გუშინ საღამოს საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლებისთვის იურიდიული სტატუსის განსაზღვრის საკითხზე, ასევე, ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებასა და ქართული ეკლესიების რესტავრაციაში იუნესკოს ჩართვის საკითხებზე.