საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი დღეს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს
შედგება მინისტრების მეორე შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის 8 ივნისს, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციით - "ტრაპიზონის დეკლარაცია".
აღნიშნული დეკლარაცია ასახავს სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სამმხრივ შეხვედრაზე მინისტრები მიიღებენ უწყებათაშორისი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2013-2015 წლებისათვის.
აღნიშნული გეგმა შემუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ და ითვალისწინებს სამი ქვეყნის კომპეტენტური სამინისტროების მიერ ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები განახორციელებენ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.
შეხვედრა დღეს, ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" 11:30 საათზე დაიწყება. 12:30 საათზე კი მინისტრები ერთობლივ პრესკოფერენციას გამართავენ.