თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურის ძეგლების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილება ყველასთვის მისაღები და ყველასთან შეთანხმებული იქნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ორივე სახელმწიფო პატივს სცემს მოქალაქეების უფლებებს, მათ შორის რელიგიურ უფლებას და თავისუფლებას. უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე კულტურული ძეგლების აღდგენის საკითხი განიხილეს.
"ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება თურქეთში ორი ქართული ძეგლის აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე. რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე ისაუბრა. შესაძლოა, ახლა პატარა საიდუმლოც გავთქვა, მაგრამ აქედან ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი მიემგზავრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან შესახვედრად, ასე რომ, ყველა საკითხი ამ მიმართულებით იქნება ყველასთვის მისაღები და ყველასთან შეთანხმებული", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირების გარდა ასევე დიდი ყურადღება ექცევა კულტურულ კავშირებსაც და მისი თქმით, ამის დამადასტურებელია მეჩეთის აღდგენის საკითხი ბათუმში და ქართული ეკლესიების აღდგენა თურქეთის ტერიტორიაზე.