რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო სიცრუეში ადანაშაულებს.
"იმ პირობებში, როცა რეგიონებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილი დადის და საუბრობს იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავს. მოვიყვან ორ მაგალითს – პირველი, მან თქვა, რომ ე.წ. ოქროს ქვიშიანი პლაჟის პროექტი, რომელიც ბათუმში უნდა განხორციელებულიყო, შეჩერდა. გეტყვით, რომ მიხეილ სააკავშილის ინიციატივით, ბათუმში ოქროსქვიშიანი სანაპიროს გაკეთება იყო დაგეგმილი, რომლის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი ხელისუფლების პირობებში დავიწყეთ ამ პროექტის მოდიფიცირება და დაიზოგება 80 მილიონი ლარი, რომელიც სოციალურად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს ქვიშიანი პლიაჟის შენახვის ყოველწლიური ხარჯები 3 მილიონ ლარზე მეტი იქნებოდა. მეორე, რაზეც მიხიელ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამცხე-ჯავახეთში ჩაკეტილი გზაა. მან თქვა, რომ საავტომობილო გზა გაწმენდილი არაა და მას მოუწია ახალქალაქში შემოვლითი გზით ჩასვლა. ესეც მორიგი სიცრუეა. საუბარია ტიკმატაჟის უღელტეხილზე, რომელიც მუდმივად, ყოველწლირად ზამთრის განმავლობაში იკეტება. 2007 წლის მიღებული დასკვნით, საქართველოში არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც ზამთრის განმავლობაში იკეტება. აქედან გამომდინარე, ის რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში გზები იწმინდებოდა, არის სიცურე და ის ხალხის შეგნებულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულ კონტექსტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქვეყნის პირველს პირს მოუწოდა, ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავოს.
"მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციების გავრცელებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისგან. თუ ის და პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას, შეუძლიათ მობრძანდნენ სამინისტროში ან ეწვიონ ჩვენს ვებ-გვერდს", - აღნიშნა ნარმანიამ.