"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე შეხვედრა დღეს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დღევანდელი სესიის დასრულების შემდეგ, უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული.
"კანონპროექტზე მომუშავე დეპუტატები შეხვედრას და კონსულტაციებს გააგრძელებენ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ განუცხადა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების ფორმატი ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის.
მისი თქმით, უმრავლესობაში იქნება კონსულტაციები, რის შემდეგაც გადაწყდება შეხვედრის ფორმატი, აგრეთვე, ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებიდან აღნიშნულ შეხვედრებზე.
რაც შეეხება პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილის განცხადებას, რომ მზად არის, კონსულტაციებში ჩაერთოს, ბესელიას შეფასებით პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს, რადგან "მან სასამართლო ამ დღეში ჩააგდო".
უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თქმით კი, შეხვედრებზე ძირითადად პარლამენტის თავმჯდომარე და უმცირესობის ლიდერი იქნებიან წარმოდგენილი.
რაც შეეხება უმცირესობას, დავით ბაქრაძემ დაადასტურა, რომ ამ თემის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში მხარეებს შორის კონსულტაციები წარიმართა. ბაქრაძემ უმცირესობის სახელით გამოხატა სურვილი, რომ დიალოგის შედეგად შეჯერდეს საბოლოო დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ამსახველი იქნება.
"მზად ვართ, დამატებითი კონსულტაციებისთვის და იმისთვის, რომ საბოლოოდ მაქსიმალურად შეჯერებული ვარიანტი მივიღოთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.