"საქართველო გზის" ყოფილი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა, "ქართული ოცნების" კანდიდატი გახდეს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა, დღეს რომ ამ საკითხზე რაიმე განაცხადოს, უხერხულ პოზიციაში იქნება. მისი თქმით, ყოველთვის გეგმავდა პოლიტიკაში დაბრუნებას.
"როდესაც წავედი, მაშინვე გამოვაცხადე, რომ ეს იყო ტაიმ-აუტი და ეს არ ყოფილა სამუდამო წასვლა. ამჟამად, საქართველოში ჩამოსული ვარ სხვა მისიით, სხვა საქმით. კერძოდ, გაერო-ს მისიით, იმ საქმით, რომლითაც 2 წელზე მეტია დაკავებული ვარ",-აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, მიიღო თუ არა მან რაიმე თანამდებობის შეთავაზება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერაც ჩამოვიდა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილს იმდენჯერ შეხვდა და, შესაბამისად, იყო განხილვებიც.
"გვქონდა განხილვა რა და როგორი იქნებოდა ჩემი დაბრუნება. ყველაფერზე გვქონდა საუბარი, თუმცა არა კონკრეტულ ადგილებზე. მე ვემზადები ყველაფრისთვის. ჯერ გარკვეული არ არის, სად ვიქნები საჭირო",-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის დროს ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია, რადგან სულ სხვა ფუნქციით არის ჩამოსული.
რაც შეეხება პარტია "საქართველოს გზის" გეგმებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.