ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პატარებისთვის ღვთისმშობლის პარაკლისი ჩატარდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.
პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ბედისწერის შესახებ ისაუბრა. ილია მეორის თქმით, მას ხშირად ეკითხებიან რა არის ბედისწერა, თუ ის წინასწარ დაწერილია, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის მოქმედებას და ცხოვრებას. პატრიარქის თქმით, ბედი უპირველეს ყოვლისა ღვთის ლოცვა-კურთხევაა და შემდეგ ამასთან შერწყმული ადამიანის ნებისყოფა და მოქმედება.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, ღმერთისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ყველაფერი აწმყოა. ამიტომ ხედავს უფალი ადამიანის მოქმედებას და განსაზღვრავს მის საუკუნო ცხოვრებას.
"ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა არის საქართველოს ბედი. საოცრება იმაშია, რომ ძალიან ხშირად ჩვენ არ ვიმსახურებთ იმ მფარველობას, რაც ეკუთვნის საქართველოს. ძალიან ხშირი შემთხვევა ყოფილა და არის, რომ თითოეული ადამიანი და ქვეყანა არღვევს ღვთის კანონებს. ქართველი ადამიანი იცავდა ტაძრებს, მონასტრებს, იცავდა მამულს, ჩვენს კულტურას და ენას და დადგა ისეთი დრო, როდესაც ხშირ შემთხვევაში თვითონ ანადგურებს ტაძარს, ენას, კულტურას და მომავალს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, შეგვინდოს და გვაპატიოს ჩვენი შეცდომები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვპატიობს იმ იმედით, რომ ჩვენ გამოვსწორდებით. ჩვენი ერი დადგება ჭეშმარიტ გზაზე. ჩვენ შევთხოვთ უფალს მოგვცეს ძალა, რათა "ვიდოდეთ გზათა ვიწროთა, რათა ღირსი გავხდეთ სასუფევლისა". ისეთი წარმოდგენა ექმნება ადამიანს, როგორც მშობელი ხელს მოკიდებს თავის პატარა შვილს და აჩვენებს თავის საოცრებებს. ასევე უფალმა მოგვკიდა ხელი და გვატარებს იმ მძიმე და რთული გზებით, რომელიც ჩვენს წინაშე არსებობს", - ბრძანა უწმინდესმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უფალი წყალობას მოიღებს და გადაარჩენს საქართველოს, ქართველ ადამიანს. "ჩვენ გამოვთქვამთ ასეთ დევიზს - "ღმერთი, სამშობლო და ადამიანი". ეს უდიდესი საუნჯეა და ამ საუნჯეს უნდა გავუფრხილდეთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვერ ვაფასებთ ადამიანებს და უდიერად ვეპყრობით ერთმანეთს", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგების დასასრულს.