საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიდერლანდებში ვიზიტს განაგრძობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტში, სენატის საგარეო, თავდაცვისა და განვითარების და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან. ასევე, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.
სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობისა და მზარდი როლის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა ლეიდენის უნივერსიტეტის თემაზე "საქართველოს ევროპული პერსპექტივა".
მაია ფანჯიკიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო. ლექციის დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა ლეიდენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემა უსახსოვრა.