განათლების სამინისტროსთან, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტებს უზნაძის ქუჩა გადაკეტილი აქვთ. მათი განცხადებით, თუ ავტორიზაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ბათილად არ სცნობენ და ხელახალი ავტორიზაციის გაცემაზე იქნება საუბარი, შეფერხდება ის 25 პროგრამა, რომელსაც ავტორიზაციის ჩამორთმევის პარალელურად აკრედიტაცია შეუჩერდა. სტუდენტების თქმით, ხელახალი ავტორიზაციის გაცემის შემთხვევაში, პროგრამების ამუშავებას კანონმდებლობით ექვსი თვე დასჭირდება.
როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა, თეკლა ძიძიგურმა განაცხადა, პროგრამების აკრედიტაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ შეწყდება გრანტები და ვეღარ მოხდება უნივერსიტეტში ახალი სტუდენტების მიღება.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას ავტორიზაციის საბჭოს სხდომის პარალელურად აპირებენ. როგორც მათ აღნიშნეს, მომავალ აქტივობებს საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დაგეგმავენ.