სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების (ე.წ. მატროსოვის ციხე) ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, გუშინ, დაწესებულების სოციალური მუშაკი შ. ბ. გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო მოკვლევა.
გამოკითხულნი იყვნენ, როგორც #9 დაწესებულების მსჯავრდებულები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 2013 წლის 25 მარტს შ. ბ. ასრულებდა სამსახურებრივ მდგომარეობას, რა დროსაც მოუვიდა გულის უეცარი შეტევა.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს შ.ბ-ს გარდაცვალების გამო და ამასთანავე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე გავრცელდეს შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიები.