საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ბათუმს დაფინანსება აღუდგინოს და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულოს.
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
"მოვამზადეთ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და აზიის ბანკთან უკვე შეთანხმებული ვიყავით, პირადად მე ველაპარაკე აზიის ბანკის ხელმძღვანელობას, რათა ბათუმში ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები საბოლოოდ დამთავრებულიყო და მთლიანად ეს სანაპირო ზოლი – დაწყებული აქედან დამთავრებული ახალ ბულვარსა და მთელ გაყოლებაზე, სადაც მოსახლეობაა, ყველგან უნდა გაკეთებულიყო. ეს პროექტი ჯერჯერობით არის ჩაკარგული. იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობაა და ყველამ, ვინც ეს პროექტი გააჩერა ან ჩემს ჯინაზე ეჭვით თვალით უყურებს, მოდით დაივიწყეთ ჩემი არსებობა და შეხედეთ, კიდევ ერთხელ. ამ შტორმმა ყველას გაგვახსენოს, რომ ამ ქალაქს ზღვით წაღების საფრთხე ემუქრება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს 50 მილიონ დოლარიანი პროექტია. მოლაპარაკებები პრაქტიკულად დამთავრებული იყო, ყველა ტექნიკური პარამეტრი გაწერილი და ჰოლანდიური და სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდნენ. ახლა უკვე ძველი და ახალი ბულვარის უმეტესი ნაწილი გაკეთებული უნდა ყოფილიყო. ყველაზე მეტად ის ადგილები დაზარალდა, სადაც ბარაკები და ცუდი საცხოვრებელი პირობებია. ბათუმს წელს ბიუჯეტის შემცირების გამო სოციალური საცხოვრებლების პროგრამა მკვეთრად შეუმცირდა. მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. მოვუწოდებ ცენტრალურ მთავრობას, რომ ბათუმს დაფინანსება აღუდგინონ და ეს მიზნობრივად წავიდეს ბარაკების ტიპის საცხოვრებელებში მაცხოვრებელ ხალხზე. ჩვენ გვქონდა პროგრამა "ბათუმი ბარაკების გარეშე", რამდენიმე ახალი შენობა აშენდებოდა, ეს პროგრამა ჩვენს ჯინაზე კი არ უნდა შეაჩერონ, არამედ უნდა გაადიდონ, დააჩქარონ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო და ვისი სახელი ჰქვია. თავისი სახელი დაარქვან, ოღონდ ბათუმს დაუმატონ ბიუჯეტი და ხალხი ნორმალურ საცხოვრებლებში გადაასახლონ, მაშინ სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების პრობლემა ბევრად ნაკლებად ექნებათ", - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დაზიანებული ბულვარის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტმა ე.წ. ბარაკების ტიპის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა.