"ყველანაირი ხელოვნური ფათური ტელევიზიებთან მიმართებაში საშიშია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც დაადოს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "ჩვენ ორი მთავარი პოლიტიკური საკითხი გვაქვს - საქართველოში უნდა შენარჩუნდეს მასმედიის სრული დამოუკიდებლობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა".
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს გაიხსნა ყველაზე მეტი ტელევიზია, გაზეთი და ყველანაირი ხელოვნური ფათური ტელევიზიებთან მიმართებაში საშიშია.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები და მთავრობა ტელევიზიებს უნდა მოშორდეს, რომ თვითონ განვითარდნენ:
"საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგად მუშაობს, სხვა დამოუკიდებელი ტელევიზიებიც საქართველოში არსებობს და მთავრობა რაც ნაკლებად ჩაერევა და თუ საერთოდ არ ჩაერევა, საერთოდ თუ ახლოს არ გაეკარება, კარგია. აქედან გამომდინარე, ასეთ თემებთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ საქართველოს უდგება საკითხი ვილნიუსის სამიტზე მივიღებთ თუ არა ასოცირების ხელშეკრულებას. თუ ამ მატარებელმაც გაგვასწრო, შემდეგ მატარებელზე ლოდინი მოგვიწევს ძალიან დიდხანს და შეიძლება ძალიან ტრაგიკულად, დრამატულად იყოს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყნისთვის თუ დროზე არ შევთანხმდით რაღაცეებზე. ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციულად მუშაობა. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ მოლაპარაკება ერთ კანონზეც, მეორეზეც, მესამეზეც. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ურემი გადატრიალდეს და ვთქვათ, ხომ ვიძახოდით, რომ ეს ასე მოხდა. მოდით, არ გადავატრიალოთ ურემი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონპროექტსაც დაადოს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ კანონპროექტი იგივე სახით იქნება მიღებული, მაშინ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.