პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, "დიპლომატიური აბსურდია".
ასე შეაფასა ჯაფარიძემ "პირWელთან" საუბარში პრეზიდენტის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პარლამენტს დასამტკიცებლად მხოლოდ 5 ახალი ელჩის კანდიდატურა გადაეგზავნა.
"პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რატომ არ წარადგინა ელჩები სრულად. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა, ეს გაკვირვებას იწვევს. მე დიდი ხანია, დიპლომატიურ სფეროში ვტრიალებ და მსგავსი რამ არსად მინახავს და არც მსმენია. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყანა ამმხრივაც გამორჩეულია. ის რაც ხდება, დიპლომატიური აბსურდია. ერთია, რომ ჩვენ არ გვყავს ელჩები ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებში, როგორიცაა გაერო, გერმანია და თუნდაც დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნების მხრიდან ეს აღიქმება ისე, რომ უბრალოდ არ გვჭირდება იქ ელჩები", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელების დანიშნვა ისედაც გრძელვადიანი პროცედურაა და კიდევ უფრო გაჭიანურება, ყოვლად გაუგებარია.
"ელჩები, რომლებიც ახლა დაინიშნენ, კიდევ 1-2 თვის განმავლობაში ვერ დაიწყებენ თავის საქმიანობას. ხოლო ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ წარდგენილი არ არის ელჩის კანდიდატურა, მაგალითად, იგივე დიდ ბრიტანეთში, წარმოიდგინეთ, რომ 7-8 თვის განმავლობაში ელჩი არ გვეყოლება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
აღნიშნულ პერიოდში ელჩების მოვალეობებს დროებითი რწმუნებულები ასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს პრეზიდენტს 17 ქვეყანაში ელჩის შეცვლის თხოვნით ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიმართა, მათ შორის დიპლომატიური მისიების იმ წარმომადგენელთა სია, რომელთაც როტაციის ვადა 2013 წლის მარტის ჩათვლით ეწურებოდათ.
პირველ ეტაპზე, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს 9 ელჩის (ბელგიაში ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელლი - ნატო საბანაძე, უკრაინაში - მიხეილ უკლება, საფრანგეთში - ეკატერინე სირაძე-დელონე, აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე, უნგრეთში - ზაზა კანდელაკი, ავსტრიაში - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ლატვიაში - თეიმურაზ ჯანჯალია, ჩეხეთში - ზაალ გოგსაძე, იტალიაში - კარლო სიხარულიძე) კანდიდატურა წარუდგინა, რომლებიც პარლამენტმა 20 თებერვალს დაამტკიცა.
გუშინ კი, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს წარუდგინა კიდევ 5 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა კანდიდატურები: ხათუნა სალუქვაძე - ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ზურაბ პატარაძე - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ირაკლი კოპლატაძე - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, თეიმურაზ შარაშენიძე - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე და კონსტანტინე კორკელია - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით არ დასთანხმებია ბულგარეთში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთავაზებული ელჩების დანიშვნას.
კერძოდ, საგარეო პოლიტიკური უწყების მხრიდან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე ირლანდიაში საქართველოს ელჩის პოსტზე თედო ჯაფარიძის კანდიდატურაა წარდგენილი, ბულგარეთში - ზურაბ ბერიძე, ჩინეთში - დავით აფციაური, გერმანიაში - ლადო ჭანტურია, ხოლო გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე - კახა იმნაძე.