საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესში ცვლილებები შედის

საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესში ცვლილებები შედის

მმართველ უმრავლესობას საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესში ცვლილებები შეაქვს. პარლამენტს უკვე წარედგინა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი, რომლის 

ავტორია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი, ხოლო ინიციატორები, მასთან ერთად, სოსო ჯაჭვლიანი და თამაზ ჯაფარიძე.

თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოები, პარლამენტის მსგავსად, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე ირჩევა. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საკრებულოს გამოკლებული მაჟორიტარის ადგილმონაცვლის საკითხს ეხება.

დღეს მოქმედი კოდექსით, თუკი უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ ხუთ წევრს, შუალედური არჩევნები უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში ტარდება. ამასთან, თუკი შუალედური არჩევნების ჩატარებამდე 60 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, სადღეისოდ დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, შუალედური არჩევნები მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება. გარდა ამისა, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა ამბობს, რომ თუკი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ორ წელზე ნაკლები, შუალედური არჩევნები არ ტარდება.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტი აღნიშნულ წესს მთლიანად ცვლის და ზრდის საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნების გამართვის ვადასა და სიხშირეს. კერძოდ, პროექტის თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც, მათი რაოდენობა ნაცვლად ხუთისა, სამს მიაღწევს, შუალედური არჩევნები ჩატარდება. შუალედური არჩევნები გაიმართება უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში, თუკი შესაბამისი თვის ბოლომდე 70 დღეზე მეტია დარჩენილი, ხოლო თუ დარჩენილია 70 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ზემოაღნიშნულთაგან შესაბამის მომდევნო თვეში ჩატარდება. შესაბამისად, წამოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის გახორციელების შემთხვევაში, საკრებულოს შემადგენლობის შევსება სამჯერ მოხდება.

გარდა ამისა, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება, ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება, ანუ შუალედური არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.