საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ასი პროცენტით გათვალისწინება შეუძლებელია. აღნიშნული განცხადება ბერძენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, თუ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით უმცირესობასთან კომპრომისი იქნება მიღწეული, უმრავლესობა ამას მხოლოდ მიესალმება.
დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისისის დასკვნით ძალიან ბევრი მომენტია გათვალისწინებული.
"ყველაფერი გათვალისწინებული იქნება თუ არა, ეს მოლაპარაკებების საგანია. ვენეციის კომისიის დასკვა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას 100%-ით ბოლომდე არ გაუთვალისწინებია. ეს შეუძლებელია. მაშინ ყველა კანონი ერთნაირი იქნებოდა. ვენეციის კომისიას ერთი გემოვნება აქვს", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
მმართველი ფრაქციის წევრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სრული თანხვედრა არსებობს საპარლამენტო უმრავლესობასა და უზენაეს სასამართლოს შორის, რაც საკმარისია ვენეციის კომისიისთვის. თუმცა, ამავდროულად, დეპუტატს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი მოლაპარაკების შედეგად უფრო მეტი იქნება მიღწეული.
რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს და იმას, რომ კანონპროექტი უკვე მეორე მოსმენით არის მიღებული, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ტექნიკურად შეუძლებელი არ არის, რომ საკითხი კვლავ დაუბრუნდეს მოსმენებს და მისი განხილვა კიდევ მოხდეს.
"ჩვენს ინტერესში შედის, რომ მივაღწიოთ კომპრომისს ისევე როგორც მივაღწიეთ შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.