დავით დარჩიაშვილი - ევროპის სახალხო პარტიის საბჭოთა კავშირთან შედარება უხერხულია

დავით დარჩიაშვილი - ევროპის სახალხო პარტიის საბჭოთა კავშირთან შედარება უხერხულია

"ძალიან უხერხულია ევროპის სახალხო პარტიის შედარება საბჭოთა კავშირთან", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის ღია წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ევროპის სახალხო პარტიის წევრებზეც არის საუბარი.

დავით დარჩიაშვილის შეფასებით, თუ ეს მართლაც არის ნათქვამი და ეს არ არის თარგმანის შეცდომა, ძალიან არაკორექტულია.

"ძალიან უხერხულია ევროპის წამყვანი პარტიის შედარება საბჭოთა კავშირთან. მინიმუმ ისტორიის სრული არცოდნა ჩანს თუ მაგ ადამიანმა ასე თქვა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სასურველი იქნებოდა, საქართველოს დიპლომატიური არხებით მომხდარიყო დაზუსტება იმისა თუ რაშია საქმე. მაგრამ, როგორც დეპუტატი ამბობს, მაია ფანჯიკიძეს ეს მხოლოდ გაახარებდა.

დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპელებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მათი აზრი ანგარიშგასაწევია.

"არ შეიძლება სახალხო პარტიაზე ხელაღებით ილაპარაკო და თქვა, რომ ისინი მაჩანჩალა ევროპელები არიან", - აღნიშნა დეპუტატმა. მისივე თქმით, მან არ იცის რა წყაროზე დაყრდნობით გააკეთა საკუთარ მიმართვაში შვეიცარიის ელჩმა განცხადებები.

შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. "საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები, - ნათქვამია შვეიცარიის ელჩის წერილში.

როგორც ელჩი განმარტავს, მიმართვისკენ ცალკეული "შეცდომაში შეყვენილი ევროპარლამენტარების ზედაპირულმა შეფასებებმა" უბიძგა.

მისი შეფასებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წევრმა "საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფენ".