თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ზაზა გაბუნია მერის მიერ მთავარი არქიტექტორის პოსტზე არაკვალიფიციური კადრის დანიშვნას აპროტესტებს.
თბილისის საკრებულო ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძესთან ერთად საკრებულოში დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც თბილისის მთავარი არქიტექტორის კანონდარღვევით დანიშვნაზე ისაუბრა.
ზაზა გაბუნიას თქმით, რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსი მალხაზ კუნელაური წარადგინა, რომელიც, "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 მუხლის მიხედვით, ამავდროულად მთავარი არქიტექტორია. გაბუნიას თქმით, კუნელაური პროფესიით არ არის არქიტექტორი და იურისტია.
ზაზა გაბუნიას განმარტებით, საქართველოს კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ ადგენს, რომ არქიტექტორი უნდა იყო შესაბამისი ცენზის და კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. თბილისის მთავარი არქიტექტორი კი არ არის ამ კვალიფიკაციის მქონე.
"იმის გამო, რომ თბილისს სხვადასხვა დროს, წლების მანძილზე მთავარ არქიტექტორად ყავდა არა არქიტექტორი და შესაბამისი კვალიფიკაციის არ მქონე პირი, რომელიც ვერ უწევდა წინააღმდეგობას საქართველოს პრეზიდენტის და ქალაქის მერის არქიტექტურულ ახირებებს, შედეგად თბილისში მივიღეთ ბევრი უსახური შენობა, რიყის პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობების ჩათვლით", _ აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, არქიტექტორმა ნიკოლოზ აბაშიძემ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, მთავარი არიქტექტორის თანამდებობაზე არაკვალიფიციური ადამიანის დანიშვნას ახლავს.