საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონპროექტსაც დაადოს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ კანონპროექტი იგივე სახით იქნება მიღებული, მაშინ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
"ამ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, რადგან პრობლემატური საკითხი ამ მიმართულებითაც არის. პრეზიდენტის მაგივრად ვერ გიპასუხებთ, თუმცა თუ იგივე სახით იქნება მიღებული, მაშინ ალბათ ვეტოს დაადებს", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში ზოგიერთი არასამთავრობოს სახელით არის შეტანილი.
"ასევე პრობლემას ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი საბჭოს გადარჩევა-არგადარჩევის საკითხთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, უმრავლესობის მხრიდან ამ კანონპროექტის მფარველ ანგელოზად ქალბატონი ელისო ჩაფიძე წარმოგვიდგება. თუმცა გაკეთდა ეუთოს წარმომადგენლის მხრიდან დასკვნა. საკითხი იმაშია, რომ რეფორმის კონტურები შეიძლება იყოს ძალიან კარგი, მაგრამ საუბარია კადრების მყისიერ ცვლაში და საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით ევროპელებს აქვს შენიშვნა, რომ არსებულ ხელმძღვანელობას არ აცლიან დაასრულოს ვადა ან გაიაროს როტაცია", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.