ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სტიქიით დაზარალებულ ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალით ეხმარება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რაიონის გამგეობას უსასყიდლოდ 60 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ფიცარი და კოჭი გადასცა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, დავით ებრალიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მზადაა საშენი მასალები მიაწოდოს აღმოსავლეთ საქართველოში დაზარალებულ მოსახლეობასაც.
"ოზურგეთის დაზარალებული მოსახლეობისთვის გათვალისწინებული აღნიშნული დახმარება აუცილებელი იყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაწყებად. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მზადაა საშენი მასალა მიაწოდოს აღმოსავლეთ საქართველოში დაზარალებულ მოსახლეობასაც. შესაბამისად, სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი დახმარებას მიიღებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ.
მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის, გიორგი ჯავახიშვილის თქმით კი, 60 კუბური მეტრი მასალა საკმარისია, რათა სახურავების აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს.
"ესაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის მასალა. ძირითადად, ფიცარი და კოჭები. 60 კუბური მეტრი მასალა საკმარისია, რათა სახურავების აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გვაქვს ხის მასალის გარკვეული რაოდენობა ახალციხის ბაზაში და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას", – აღნიშნა ჯავახიშვილმა.
სტიქიის შედეგად დაზარალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 100 ოჯახი. დაზიანდა ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, 5 საშუალო სკოლა, კულტურის სახლი, 12 შენობა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. სახელმწიფოს ხელშეწყობით მიღებული საშენი მასალით აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება.
დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალა გუშინ, გვიან ღამით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ბაზიდან დაიტვირთა. მასალის დატვირთვას პირადად დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გიორგი ჯავახიშვილი და ოზურგეთის რაიონის გამგებელი კოტე შარაშენიძე.