დიზელის საწვავის სიიაფით საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა

დიზელის საწვავის სიიაფით საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა

დიზელის საწვავის სიიაფის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 108–ე ადგილზეა. კვლევა 2010 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მსგავსი რეიტინგი არ შემდგარა.მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ერთი ლიტრი დიზელის ფასი საშუალოდ დოლარი და 13 ცენტია.

ყველაზე ძვირი საწვავი თურქეთშია და 2 დოლარი და 3 ცენტი ღირს, ხოლო ნორვეგიაში 2.1 დოლარია. თუმცა, როგორც “კომერსანტის” ჟურნალისტებმა დაითვალეს, საშუალო თვიური ხელფასი თურქეთში 634 დოლარია, ნორვეგიაში კი 6429 დოლარი. რაც შეეხება საქართველოს - ნორვეგიის თვიურ ხელფასს ოფიციალური სტატისტიკით არსებული მონაცემიც კი მკვეთრად ჩამორჩება და 378 დოლარს შეადგენს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მსოფლიოში საწვავი იაფდება.

შეგახსენებთ: ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზრის პარალელურად არ ხდება. თუმცა, „კომერსანტს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირში განუცხადეს, რომ 14 თებერვლიდან დღემდე საწვავზე ფასი მცირდება.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, საცალო ქსელში საწვავის ფასის კორექტირება დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

„იანვრის ბოლო რიცხვებიდან მთელი თებერვლის თვე Platt’s-ის მიხედვით ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო. კერძოდ, ბენზინის ფასი მერყეობდა 1090–1130 დოლარის ფარგლებში ტონაზე.

მარტის თვეში დაახლოებით 2 კვირაა, რაც ფიქსირდება მიმდინარე შედარებით დაბალი ფასები. შესაბამისად, საწვავის ფასის კორექტირება ჩვენს საცალო ქსელში დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მიმდინარე ვითარების შენარჩუნებაზე და მაღალ ფასად შეძენილი პროდუქტის შედარებით დაბალფასიანით ჩანაცვლების პერიოდზე,“ – აცხადებს მთვრალაშვილი.