საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ბიძინა ივანიშვილისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა. გაბაშვილის შეფასებით, მისთვის მიუღებელია ევროპის რომელიმე ქვეყნის ელჩს გაებედა და გაეკრიტიკებინა ”ევროპის სახალხო პარტია”.
ამის შესახებ დღეს კოტე გაბაშვილმა "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, EPP-ის პოლიტიკას ვერ გააკრიტიკებდა ევროპის ვერც ერთი ელჩი, ამის გაბედვა საკმაოდ რთულია. გაბაშვილმა დღეს საქართველოს მთავრობას და ევროპის სახალხო პარტიას შორის მიმოწერებზეც ისაუბრა და ეს მიმოწერები უარყოფითად შეაფასა.
შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მიწერა. წერილში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები.
შვეიცარიის ელჩი წერილში განმარტავს, რომ ამ მიმართვისკენ ცალკეული, "შეცდომაში შეყვენილი ევროპარლამენტარების ზედაპირულმა შეფასებებმა" უბიძგა.
მისი შეფასებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წევრმა "საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფენ".