საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება - მთავრობა პარლამენტთან შეუთანხმებლად ფორმირება ჩამოერთვა.კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს III მოსმენით, 114 ხმით ერთხმად დაამტკიცა.
ცვლილებები კონსტიტუციის სამ მუხლს შეეხო და ქვეყნის მთავარ კანონში განისაზღვრა, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს. შესაბამისად, მესამე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებებით, პრეზიდენტს ჩამოერთვა მინიჭებული კონსტიტუციური უფლება, პარლამენტის წინააღდმდეგობის მიუხედავად, ახალი მთავრობის ფორმირება მოეხდინა. კონსტიტუციის 80-ე მუხლს ახალი - 5/1 პუნქტიც დაემატა, რომლის თანახმად, მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.
ამასთან, კონსტიტუციაში დარჩა ნორმები, რომლითაც პრეზიდენტს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. მოხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირება და კონსტიტუციაში დაკონკრეტდა, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში გასული წლის დეკემბრის ბოლოს - 78 დეპუტატის ხელმოწერით მოხდა. საკითხი ბოლო სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გუნდებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების, ღია თუ დახურული მოლაპარაკებების მთავარ თემას წარმოადგენდა. სწორედ კონსტიტუციური ცვლილებების გატანას დაუკავშირდა პრეზიდენტის პარლამენტში მიწვევისა და მოსმენის საკითხი, ე.წ. პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება, უმცირესობიდან დეპუტატების გასვლის პროცესი და სხვა საკითხები.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები უმცირესობის მხადაჭერითა და ხმათა მაღალი მაჩვენებლით გავიდა - პირველი მოსმენით მას 135 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მეორე მოსმენისას - 123-მა, ხოლო დღეს საბოლოოდ 114 ხმით გავიდა. კონსტიტუციური პროექტის მიღების მინიმალური კვორუმი 100 ხმაა.