რაღაც ცუდი ტენდენციაა მომღერლების რადიკალიზაციის, ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი. არასერიოზულია და, რაც მთავარია თავიანთ თავებს წარმოაჩენენ არასერიოზულად, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გოგა ხაჩიძის განცხადებას სამთავრობო შენობების პიკეტირების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ღირებულებით უფსკრულს, რომელშიც მოქალაქეების ეს ჯგუფია ჩავარდნილი.
„ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ. წავლენ სისხლზე, წავლენ ძალადობაზე, წავლენ ნგრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როდესაც ეს მომღერალი ადამიანი იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში, დღეს კი საღლიცინოდ აქვს საქმე.
2022 წელს, როდესაც ზუსტად ეს ადამიანები ითრევდნენ საქართველოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში, ეს ხალხი იდგა ზუსტად რუსთაველის გამზირზე და ითხოვდა, რომ საქართველო გამხდარიყო ამ ომის ნაწილი, გაგვეგზავნა მებრძოლები, შევსულიყავით ესკალაციაში. ამას ითხოვდნენ არა იმიტომ, რომ მათ ან უკრაინა ადარდებთ, ან საქართველო, მათ ადარდებთ ერთადერთი რამ - ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის გაწირავენ ყველას, ყველაფერს. ეს არის მთავარი, რასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ არ მივცეთ საშუალება რადიკალიზაცია და ძალადობა დათესონ ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.