მერიის შენობის წინ მიმდინარე სოციალურად დაუცველთა აქციას თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ.
მერიის სოციალური მომსახურისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მერიის კომპეტენციის ფარგლებს სცდება. მისი თქმით, სოციალურად დაუცველების ზოგიერთი მოთხოვნა მერიის პრეროგატივა არ არის. მისი თქმით, სოციალურთა დაუცველთა ბაზაში მოხვედრა, აღდგენა ან სარეიტინგო ქულების მინიჭება მერიის პრეროგატივა არ არის და ამ ქულებს მერია არ ანიჭებს.
მამუკა ქაცარავას თქმით, ფინანსური დახმარებებს მერია მარტო განცხადებებით ვერ გამოყოფს. როგორც ქაცარავამ აღნიშნა, შესაძლებლობის ფარგლებში მათ მერია ეხმარება, მაგრამ გლობალურად ამ საკითხებს ვერ გადაწყვეტს. მისივე თქმით, ეს შენობები, რომლებშიც სოციალურად დაუცველები არიან განთავსებული მერიის დაქვემდებარებაში არ არის და შესაბამისად, სხვის ქონებაში მერიას არ აქვს უფლებები რაიმე ქმედითი ღონისძიებები განახორციელოს. "გარკვეულ საკითხებს ჩვენ მათ გადავუწყვეტთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მერიის პრეროგატივიდან გადის. ჩვენ მათ დავეხმარებით ანტისანიტარული დროებითი პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შევუძენთ პირველადი მოხმარების საგნებს, მაგრამ არის ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენი კომპეტენცია არ არის", - აღნიშნა ქაცარავამ.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებას შეეხება, ქაცარავამ აღნიშნა, რომ "თელასი" კერძო კომპანიაა და მერიის შუამდგომლობით რაიმე გადაწყვეტილებებს ამ კომპანიაში არ იღებენ.
თავად სოციალურად დაუცველთა აქცია მერიასთან ამ წუთებში მიმდინარეობს. ისინი ითხოვენ შეხვედრას მერიის წარმოამდგენლებთან, მათ შორის დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან. ისინი ითხოვენ მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.