საქართველოს მასშტაბით სტიქიამ 20 საჯარო სკოლა დააზიანა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები.
სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო.
მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 734 მოსწავლე სწავლობს და შესაბამისად, შენობაც საკმაოდ დიდია. გუშინ, ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავის ნახევარი ახადა, თუმცა სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა, არის შუქი და გათბობა. ერთადერთ საფრთხეს შენობას წვიმა შეუქმნის.
ყველაზე მეტი, 9 საჯარო სკოლა ოზურგეთში დაზიანდა. სკოლები დაზიანდა: რუსთავში, კასპში, გორში, თბილისში, ქობულეთსა და შუახევში.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რათა სწრაფად აღმოიფხვრას სტიქიის შედეგები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში, წვიმისაგან დამცავი აუცილებელი ღონისძიებები გატარდება. აღდგება დაზიანებული ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.