საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება სულიერი ძალა, რომელიც მოემსახურება ჩვენს საქართველოს, - ამის შესახებ სამების ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
სამების ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი მიმდინარეობს. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
პარაკლისის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, გაიხსენა ისტორია.
უწმინდესმა ბრძანა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მეხუთე საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო, მაგრამ 1811 წელს რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ წაართვა საქართველოს ავტოკეფალია და ერეკლე მეორის შვილი, ანტონ მეორე გაიწვიეს საქართველოდან.
"არის აღწერილი, როგორ ემშვიდობებოდა ანტონ მეორე სვეტიცხოველს. როგორი ცრემლით უვლიდა ტაძარს გარშემო, თითქოს გრძნობდა, რომ აღარ ეღირსებოდა საქართველოში ჩამოსვლა. იგი მართლაც გარდაიცვალა რუსეთში და არ არის ცნობილი მისი საფლავი. როდესაც მივწერე ნიჟნი ნოვგოროდის ეპისკოპოსს, მისგან პასუხად მივიღე, რომ დღეს არ არის არც ის ტაძარი და არც ის საფლავი. კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარი განადგურდა", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ 101 წლის მანძილზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსი ეგზარხოსები მართავდნენ, ლოცვა სიონში სლავურად მიმდიანრეობდა მაშინ, როცა სომხურ ეკლესიაში ლოცვა სომხურად სრულდებოდა.
უწმინდესმა ბრძანა, რომ 1917 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ შეკრიბა სამღვდელოება, გამოაცხადა ავტოკეფალია, რაც ქართველი ერის უდიდესი ზეიმი იყო. პატრიარქად აირჩიეს კირიონ მეორე.
"შევთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და საქართველოს ეკლესიაში. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ერს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება სულიერი ძალა, რომელიც თავმდაბლობით მოემსახურება ჩვენს საქართველოს", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ყველას მიულოცა დღევანდელი დღე და ბრძანა, რომ ღმერთი არ მიატოვებს საქართველოს.
"ის პრობლემები, რომლებიც ხელოვნურად წარმოიშვება, ყველაფერი იქნება დაძლეული", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ ქართული კულტურია, ლიტერატურა, ფილოსოფია მართლმადიებლური კუთხით ქრისტიანულ სარწმუნოებას ეყრდნობა. ამას მუდამ გრძნობდა ქართველი ერი და ინახავდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას საუკუნეების განმავლობაში.
პარაკლისის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, რომელსაც უწმინდესი დაესწრება.