27 მარტს საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახმედ დავით ოღლუს ვიზიტი შედგება, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახმედ დავით ოღლუ ვიზიტის ფარგლებში შეხვდება თავის კოლეგას მაია ფანჯიკიძეს, ასევე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.
დავით ჯალაღანიას განცხადებით, შეხვედრებზე განიხილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ფართო სპექტრი.
ახმედ დავით ოღლუ 28 მარტს შეუერთდება ბათუმში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას, კერძოდ, საუბარია აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
დავით ჯალაღანიას განცხადებით, ეს არის ამ ფორმატში მეორე შეხვედრა, ხოლო პირველი შეხვედრა გასულ წელს შედგა ტრაპზონში, რომელიც დეკლარაციის მიღებით დასრულდა.
რაც შეეხება ბათუმში გამართულ სამმხრივ შეხვედრას, იგეგმება დარგთაშორისი სამოქმედო პროგრამის შეთანხმება 2013-15 წლებისთვის. ამ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას და კოორდინაციას სწორედ ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი განახორციელებს. ამავე შეხვედრაზე იგეგმება შემაჯამებელი ოქმისთვის ხელის მოწერა. რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, მომავალი სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში შედგება.