ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე სამადლობელი პარაკლისი შესრულდება. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, პარაკლისს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"ყველას გიწვევთ ამ დიდ ზეიმზე. შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს იმისთვის, რომ უფალმა ავტოკეფალიის ღირსი გაგვხადა. ავტოკეფალია არის ეკლესიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა. მთელი ქართული კულტურა და ლიტერატურა დაყრდნობილია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ვინ ვიქნებოდით ჩვენ ქრისტიანობისა და ავტოკეფალიის გარეშე", - ბრძანა უწმინდესმა.
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.