საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში, ევროპის საბჭოში გაემგზავრა .
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დღეს, გაიმართება შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიჩეკ სავიცკისთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების გენერალურ დირექტორთან ფილიპ ბოიასთან, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ჯგუფის(Pომპიდოუ)აღმასრულებელ მდივანთან პატრიკ ფენიქსთან და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს ოფიციალურ პირებს შსს-ში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროსაბჭოს განსახილველად პოლიციის ახალი "ეთიკის კოდექსი" პირველად წარუდგინა. განხილვის შემდეგ, მოხდება მისი ოფიციალური დამტკიცება.
გარდა ამისა, შს მინისტრი ხელ მოაწერს მნიშვნელოვან დოკუმენტებს: დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას; კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.
აღნიშნული ოქმების ხელმოწერის ვალდებულება ქართულ მხარეს დაეკისრა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის სამოქმედო გეგმის თანახმად და მათთან მიერთება ხელს შეუწყობს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას.