სარფის სანაპიროზე დაკარგული მეთევზის ძებნა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განახლდება. "გონიო-სარფის მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ მაშველები, მაგრამ მეთევზესთან დაკავშირებით ჯერ შედეგი არ არის. 3-4 ბალის შტორმი ფიქსირდებოდა აჭარის სანაპიროებზე, ქარის სიჩქარე 8 მეტრი წამში. ყოველ 12 საათში ახალ ინფორმაციას ვიღებ. ზღვა და ამინდი მოგვცემს საშუალებას მყვინთავებიც ჩაერთვებიან სამძებრო სამუშაოებში", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა.
ამასთან, დღესვე სახანძრო-სამაშველო სამსახური ზღვის ღელვის შედეგად დანაგვიანებული სანაპიროების გაწმენდას განაახლებს.
გუშინ აჭარის სანაპიროებზე შტორმმა, რომელიც 6 ბალამდე იყო, ბათუმის ბულვარის საფეხმავლო ბილიკი წალეკა, ასევე ქობულეთში 40 მეტრამდე ნაპირდამცავი ნაგებობა წაიღო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიამ რეგიონს 3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.
სარფში ზღვამ 55 წლის მამაკაცი გაიტაცა. მასთან მყოფმა ორმა პირმა დაადასტურა, რომ თევზაობის დროს ისინი კლდეზე ისხდნენ, საიდანაც მეთევზე ღელვამ ზღვაში გადააგდო, მას შემდეგ ერთხელ დაინახეს წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი აღარ უნახავთ