პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს პლენარული სხდომის დღის წესრიგში, სავარაუდოდ, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე ჩაამატებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, პარლამენტს უფლება აქვს, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ხელახლა შეიტანოს. "ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ, კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი ითხოვს რიგგარეშე სხდომის მოწვევას კონკრეტული დღის წესრიგით და პრეზიდენტმა 48 საათში არ მოიწვია სხდომა, პარლამენტს უფლება აქვს, შეიკრიბოს და მაინც გამართოს სხდომა. წარმოვიდგინოთ, დღის წესრიგში პარლამენტს რომ მხოლოდ ერთი საკითხის შეტანა მოეთხოვა და პრეზიდენტს სხდომა არ მოეწვია, პარლამენტი ხომ შეიკრიბებოდა და ამ ერთ საკითხს განიხილავდა?! ამ ანალოგიით პარლამენტმა მოითხოვა რიგი საკითხების შეტანა დღის წესრიგში, პრეზიდენტმა კი შეიტანა ყველა საკითხი - გარდა ერთისა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პარლამენტს უფლება აქვს, დაამატოს დღის წესრიგს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენა", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება გასცა. განკარგულების თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოწვეულია 25 მარტის 14:00 საათიდან. დოკუმენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგიც ერთვის, თუმცა, მასში საერთო სასმართლოების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენა გათვალისწინებული არ არის.