ფოთელი მეტალურგების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულებს, უკვე ორი დღეა ბლოკირებული აქვთ ქარხანაში მისასვლელი გზა, ხოლო საწარმოს მუშაობა პარალიზებულია.
პირველი მოთხოვნა, რომელსაც ისინი მეორე დღეა აყენებენ, ქარხნიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა.
"ქალაქის მერთან გაიმართა წუხელ შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მეტალურგთა პროფკავშირების პრეზიდენტი და ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეთანხმების მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო ამ ადამიანების სამსახურებში აღდგენა, მაგრამ, როგორც ჩანს ვერ ხერხდება კომუნიკაცია. ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მოგვსვლია", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საგაფიცო კომიტეტის წევრმა ემილ გუმბერიძემ.
ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, ქარხნის ადმინისტრაცია დანაპირებს - დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ ასრულებს. სარსანია გაფიცულთა მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს.
"ჩვენ ვესაუბრეთ ქარხნის ადმინისტრაციას და შევთანხმდით, რომ ეტაპობრივად მოხდებოდა პრობლემების მოგვარება. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს დათხოვნილი შვიდი თანამშრომლის აღდგენაში. გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, რადგან იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები აღედგინათ, კიდევ შვიდი ადამიანი გაათავისუფლეს",-აღნიშნა სარსანიამ.
გაფიცულები, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დაშლას არ აპირებენ და ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.