ძლიერმა შტორმმა ქობულეთის სანაპიროც დააზიანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა , ქობულეთში ზღვა გადმოვიდა სანაპიროს გასწვრივ სავალ გზაზე, რის შედეგადაც ზოგიერთ ადგილზე ჩაქცეულია სავალი ნაწილი.
მისივე თქმით, აეროპორტის დასახლებაში, ღელვის შედეგად, ევკალიპტის მაღალი ხეებია წაქცეული. როგორც მამუკა თურმანიძემ აღნიშნა, საღამოს შტორმი მოიმატებს.
აჭარის სანაპიროებზე შტორმი დაახლობით დილის 05:00 საათზე დაიწყო, რომლის სიმძლავრეც 6 ბალამდე მერყეობდა. ამ დრომდე 5 ბალამდე ღელვა ფიქსირდება. შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი წაიღო, ასევე, აეროპორტში 8 განათების ბოძი მოგლიჯა. ძლიერმა შტორმმა გამოიწვია სანაპიროს დანაგვიანებაც. ამ დრომდე ვერ ხერხდება დატბორილი ხიმშიაშვილის ქუჩის გაწმენდა. აღნიშნული ქუჩა ზღვის პირზე გადის და ტალღებმა ქუჩის საწრეტი მილები დააზიანა, რის გამოც ქუჩიდან წყალი არ გაედინება.
გუშინ გვიან საღამოს სარფში ზღვამ 55 წლის მამაკაცი გაიტაცა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, მასთან მყოფმა ორმა თანხმლებმა პირმა დაადასტურა, რომ თევზაობის დროს ისინი კლდეზე ისხდნენ, საიდანაც მეთევზე ღელვამ ზღვაში გადააგდო, მას შემდეგ ერთხელ დაინახეს წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი აღარ უნახავთ. "მობილიზებულია სამაშველო სააგენტოს შემადგენლობა, მათ შორის მყვინთავები, მაგრამ შტორმი იმდენად დიდია, რომ მყვინთავის სიცოცხლე საფრთხეში დგება და ამიტომ ამინდის გამოდარების შემდეგ საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს გავაგრძელებთ", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ამასთან, როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, მსგავსი სახის სტიქია ბოლო რვა წლის განმავლობაში ბათუმის ზღვის პირზე არ დაფიქსირებულა.
სტიქიის ზონაში სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ზღვა ამ დრომდეც ბათუმის ბულვარის ბილიკებამდე ამოდის.