საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის არსებულ ვარიანტს მხარს ვერ დაუჭერს. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ რედაქციას მხარს არ დაუჭერს.
კალანდაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ცვლილებებს დღევანდელი სახით დაამტკიცებს, ეს ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობაში და ასევე უარყოფით როლს ითამაშებს ვილნიუსის სამიტზე.
"თუ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით იქნება მიღებული, ეს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს გადამწყვეტ ეტაპზე დააკარგვინებს, წარმატებას მიაღწიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე და ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით. "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერებმა სწორედ ეს ჩანაწერი ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს. ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტირეფორმა და არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ სასამართლო სრულად დაუქვემდებაროს სამთავრობო კონტროლს. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ამ ცვლილების არსებობას პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს", – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
25 მარტისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რეგლამენტით დადგენილი წესით, პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა. მთავარი საკითხები, რის გამოც მმართველ უმრავლესობას ორშაბათისთვის რიგგარეშე სხდომის ჩატარება სურს, საკონსტიტუციო ცვლილებები და "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც კანონმდებლებმა მესამე, საბოლოო მოსმენით უნდა განიხილონ და დაამტკიცონ.