ცნობილი რუსი ადვოკატის ალექსანდრე დობროვინსკის ინფორმაციით, ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა. ამის შესახებ ადვოკატმა "ფეისბუქში" დაწერა. "ახლახანს დამირეკეს ლონდონიდან. ბორის აბრამის-ძე ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა ...რთული ადამიანი იყო. ეს სასოწარკვეთილების ჟესტია? იმის შეუძლებლობა, რომ ღარიბად იცხოვროს? დარტყმების სერია? ვშიშობ, სიმართლეს უკვე ვეღარავინ გაიგებს", - წერს ადვოკატი.
რუსულმა მედიამ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კერძოდ, რუსული სააგენტოების ცნობით, ბერეზოვსკის სიძემ იგორ შუპემ "ფეისბუქის" თავის გვერდზე დაწერა, რომ ბიზნესმენი ლონდონის დროით 11:00 საათზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი ბიზნესმენის ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს.
ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 2008 წელს ჟურნალი "ფორბსი" მის ქონებას 1.3 მილიარდ დოლარად აფასებდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები ბერეზოვსკის სერიოზული ფინანსური პრობლემების შესახებ.