ნოე ქინქლაძემ განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა გოგიტა აბაშიძის ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა

ნოე ქინქლაძემ განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა გოგიტა აბაშიძის ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ განმარტა, თუ რატომ ვერ მოხერხდა გოგიტა აბაშიძის ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა .

როგორც ქინქლაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვაზე საუბრისას არაერთ მიზეზზე შეიძლება საუბარი და მათ შორის იმ ფორმალურ რეგულაციებზეც, რის გამოც ოჯახს სოციალური დახმარება არ ქონდა.

მისი განმარტებით, ოჯახს სოციალური დახმარება 2007 წელს დაენიშნა, შემდეგ კი მოეხსნა მაღალი ქულის მინიჭების გამო. მისი თქმით, ამავე მიზეზით ოჯახს დახმარება არ დაენიშნა 2011 წელს, ხოლო 2012 წელს, ხელახალი შემოწმებისას პრობლემა დოკუმენტაციის არქონამ შექმნა. კერძოდ, ქინქლაძის ცნობით, გარდაცვლილ გოგიტა აბაშიძეს და ბავშვის დედას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდათ

"როდესაც ფორმალობაზე საუბრობ და მეორე მხარეს ადამიანის სიცოცხლეა, რა თქმა უნდა შედარება შეუძლებელია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ სააგენტო კანონით გათვალისწინებული ნორმებით მოქმედებს. რა თქმა უნდა ეს ფაქტი გაკვეთილი იქნება ყველასათვის და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ,"- განაცხადა ნოე ქინქლაძემ

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. ექიმ-რეანიმატოლოგის თეა ივანიაძის განცხადებით, რომ ბავშვი იმყოფებოდა ხელოვნურ სუნთქვაზე, ჩაუტარდა მკურნალობის კურსი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის თქმით, გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა პნევმონია, ფიქსირდებოდა ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა შესაბამის სიაში ისინი ვერ მოხვდნენ. გოგიტა აბაშიძე 21 მარტს მოათავსეს ბავშვთა საავადმყოფოში.

.