შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 მაისისთვის ჩაინიშნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მელნიკოვის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა .
ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირება საქართველოში სწორედ ამ დრომდე მოხდება.
მისი ცნობით, საქმის განხილვა 28 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობით გადაიდო და 10 მაისისთვის ჩაინიშნა.
"საქმის განხილვა, სავარაუდოდ, გადაიდო იმ მოტივით, რომ ექსტრადირებას ელოდებიან", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული და ყველა სხვა პროცედურა დასრულებულია.
შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, გასული წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ქართული მხარე მელნიკოვის სამშობლოში ექსტრადიციას ითხოვს. მისი ადვოკატის ცნობით, საქართველოში ექსტრადიცია თავად მელნიკოვსაც სურს.