საქართველოს პრეზიდენტი ევროპული ქარტიის რატიფიცირებაზე საუბარს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, საქართველოს მსგავსი რეგიონული დაყოფისა და მრავალეთნიკური ქვეყნისთვის რეგიონული ენების თემა ზედმეტია. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ ამ ქარტიის რატიფიკაციისგან თავი ორჯერ შეიკავა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე საქართველოს იმპერატიულ პირობას არც ევროკავშირი და არც არავინ უყენებს.
"მიმაჩნია, რომ საქართველოში მთავარი ენა არის ქართული. ამიტომ ეს იქნება სერიოზული პრობლემა. არის ფაქიზი თემები, რაზეც ხმამაღლა ვერ ვისაუბრებთ. უშიშროების საბჭოს სხდომები რომ გვქონდეს, ამას ვეტყოდი. მოვუწოდებ პრემიერს, რომ ასეთი სხდომები გაიმართოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პირველი წლები გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, "ჯავახეთი უსამართლო ხალხს ებარა". "ჩვენ დავიწყეთ ხალხთან მუშაობა და ამ პროექტების უმეტესობა გაჩერებულია, რკინიგზის პროექტიც კინაღამ გააჩერეს. ენის საკითხი ძალიან მაღელვებდა. ჯავახეთში რომ ჩავედი არავინ ლაპარაკობდა ქართულად და ამან დამშოკა. ვუთხარით ქართველებს, მაგისტრატურის გადასახადს გადახდით და ასწავლეთ იქ ქართული. საერთოდ შეიცვალა იქ სიტუაცია. დღეს მე-7-მე-8 კლასელები ლაპარაკობენ ქართულად. ჩვენ სომხურის განდევნა კი არ გვინდა, გვსურს, ამ ხალხისთვის წარმატების ენა იყოს ქართული", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ამავე კონტექსტში ვაჰაგან ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გამოშვება არ შეიძლებოდა. "მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი, ქართული ეპარქია. დიდი ინტელექტუალიზმი არ ეტყობა, მაგრამ სეპარატიზმის თემაზე წიგნები აქვს დაწერილი. იგი ციხიდან 6 წელიწადში გამოვიდოდა და ამ პერიოდში ჯავახეთში იქნებოდა 10 ახალი ჰესი, ცხოვრების დონე 3-ჯერ მეტი, აბსოლუტური უმეტესობა თავისუფლად ილაპარაკებდა ქართულად, იქნებოდა ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზა. ბოკერია ელაპარაკა ამაზე პრემიერ-მინისტრს, რომ ჩახალიანის გამოშვება არ შეიძლებოდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ვაჰაგან ჩახალიანის პარლამენტში გამოჩენასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ამგვარი ფაქტები არ აღელვებდეს.