საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართა

ბრიუსელში 21-22 მარტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ბოლო მე-14 რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით , ძირითადად შეთანხმდა ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი, რითიც მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებების პროცესში. აღნიშნული შედეგი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს მხრიდან მავარი მომლაპარაკებელი,საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას - საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.
ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყო. შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 1996 წელს ხელმოწერილ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და შექმნის თანამშრომლობის ახალ, თვისობრივად მაღალი დონის სამართლებრივ ჩარჩოს.

ასოცირების შესახებ შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასთან შედარებით ყოვლისმომცველი, პოლიტიკურად ბევრად ძლიერი და შინაარსობრივად ბევრად უფრო ღრმა დოკუმენტია, რომელსაც თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და მოიცავს ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის მძლავრ მექანიზმებს.

შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაახლოების მაღალ დონეს. ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას და ითვალისწინებს პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებას.