საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცდება, როცა აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.
"მე მგონი, პრემიერი ცდება, როცა ამას ამბობს, რადგან ვისთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა, როცა ინიშნები ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უკვე გაქვს ერთადერთი იდეოლოგია და ეს არის სასამართლოს დემოკრატია, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, სასამართლო იყოს მისაბაძი და ზუსტად ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ და პირადად მე 8 წლის განმავლობაში ამისთვის ბევრი გავაკეთე", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას.
კუბლაშვილის განმარტებით, ის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამოჩნდა.
"ეს ახლა უფრო კარგად ჩანს, როცა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად, ჩემგან და პირველ რიგში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლია.