სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე, კერძოდ, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელებენ.
"საგადასახადო დავები ძალიან აქტუალური თემაა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული, მყარი სასამართლო პრაქტიკა. ჩვენ გვინდა, ეს პრაქტიკა გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ადვოკატებს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლებს, რა მიზნითაც შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ. შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რა პერსპექტივა ექნება საგადასახადო თემაზე მათ მიერ წარმოდგენილ დავებს სასამართლოში და მათგან მოვისმენთ შენიშვნებს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრები დღეს მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს. სახელმწიფო უწყებების გარდა, შეხვედრას სამეცნიერო წრეების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მოსამართლეთა კორპუსისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის მიზანია სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა.