საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერის არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიზიტების შესახებაც აქტიურად მუშაობს.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ზალკალიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ვიზიტის ზუსტ თარიღს ვერ დააკონკრეტებს, თუმცა აღნიშნა, რომ საგარეო უწყება კონტაქტშია ამერიკის მთავრობასთან, ასევე საელჩოსთან თბილისში და აქტიურად არის ჩართული პროცესებში საქართველოს საელჩო აშშ-ში.
"როგორც კი გვეცოდინება ვიზიტის თარიღები, ამ ინფორმაციას მოგაწვდით", - დასძინა დავით ზალკალიანმა.