"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე უმცირესობას პოზიცია შეჯერებული აქვს და ამ პროცესში უმცირესობის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა.
კითხვას, დაუჭერებენ თუ არა მხარს ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტს პარლამენტის ოპოზიციური ფლანგიდან, ბობოხიძე ცალსახად არ პასუხობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ არ შეიძლება წარმოდგენილ საკონსტიტუციო ინიციატივას იმაზე მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე რეალურად აქვს.
დეპუტატი მმართველ გუნდს მოუწოდებს, პარლამენტში კონსტიტუციური ინიციატივის გატანის ნაცვლად, "შეუსრულებელი დაპირებების შესრულებაზე და ქვეყნის წინ წაყვანაზე იფიქრონ".
"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები ერთგვარად წყალგამყოფი მომენტია, "ნაციონალური მოძრაობა" ერთიან გუნდად რჩება და "ქართული ოცნება" ჩვენი რომელიმე დეპუტატისტვის ხელის გადაგრეხას ვერ შესძლებს. მთელი უცნაურობა ის არის, რომ ჩვენც და ბიძინა ივანიშვილიც ვამბობთ - წარმოდგენილ ცვლილებას რეალურად არანაირი შედეგი არ მოაქვს, არაფერს არ ცვლის და არავის არანაირად არ სჭირდება, მაგრამ ახალი ხელისულება მთელ თავიანთ უინიციატივობას, უმოქმედობას, ქვეყნის მართვაში პასიურობას, პროგრამული ხედვების არქონას თითქოს და, მიხეილ სააკაშვილისგან და "ნაციონალური მოძრაობისგან მომავალ საფრთხეებს აბრალებს. თან ამ საფრთხეზე საუბრობენ და თან იქვე ამბობენ, რომ ეს საფრთხე არაფერს ნიშნავს. ბუნებრივია, რომ ეს ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. დღეს საქართველოში მთავარი და ძირითადი თემა გახდა კონსტიტუცური ცვლილები და არა ის, რაც მართლა აწუხებს ქვეყანას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აკაკი ბობოხიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან იწყება.