ლევან ვასაძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, - ამის შესახებ ბიზნესმენი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტობა არასოდეს სდომებია და არც პოლიტიკური ამბიციები ჰქონია, თუმცა ერის მსახურების სჯერა.
"დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრება გაიფუჭა პოლიტიკაში წასვლით. ეს ვაჟკაცობა დასაფასებელია, რადგან თავგანწირვის ტოლფასია... როდესაც ჩემს პოლიტიკურ ამბიციებზე წერდნენ, ისეთი განცდა მქონდა, რომ სახელისუფლებო პრესა მაძალებდა მეთქვა, დედას გეფიცებით, პოლიტიკაში არ წავალ-მეთქი. არ მქონია და არც ახლა მაქვს პოლიტიკური ამბიცია. თუ მომავალში რამე შეიცვლება, გამოვალ და კაცურად ვიტყვი, რომ პოლიტიკაში მივდივარ. არ დავიმალები", - აცხადებს ვასაძე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ამდენი პრობლემის ფონზე უმძიმესი ტვირთია, რომელიც შეუძლებელია, ვინმეს სურდეს.
"უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კარგად გაზომა ის საფრთხე, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა. მჯერა, ის ვაჟკაცურად, ალალად შევიდა პოლიტიკაში და ამით თავისი ქვეყნისთვის გაწირა თავი", - აღნიშნავს ლევან ვასაძე.
ბიზნესმენთან ვრცელი ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.