სააპელაციო სასამართლოში ხვალ, "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას ადვოკატები საჩივარს შეიტანენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გვიჩიანის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, ადვოკატები ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიესაჯათ.
ჭკადუას ინფორმაციით, საჩივარი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე იწერება, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში დნმ-ის პასუხის დამალვას პროკურატურის მხრიდან, ასევე მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებს.
"მკვლელობის ადგილას დნმ-ს დასკვნა, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, დამალული იყო, მაშინდელი გენერალური პროკურატურის მიერ. ეს ახალ გარემოებას წარმოადგენს, ისევე როგორც ჩვენებების შეცვლა. ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არგუმენტია დნმ-ს ანალიზი, რომელიც პრაქტიკულად ყირაზე აყენებს ამ საქმეს. საჩივრით, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე საქმის გადახედვას, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას და გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას გათავისუფლებას მოვითხოვთ", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ 2013 წლის იანვარში განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარია საქმეში ამერიკაში ჩატარებული დნმ-ს დასკვნის გაუთვალისწინებლობაზე.
"ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ ეტაპზე გაურკვეველ დროს შემოსულია 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ წარმოადგენს მკვლელობის შემსრულებელთა - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდებს. არც აღნიშნული დასკვნა არ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და არ წარდგენილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2007 წლის აპრილის განაჩენით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამრთლოს განაჩენი", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.