საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხვალ აზერბაიჯანს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქთაი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ აბულფაზ გარაევთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვსაც შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. იგეგმება შეხვედრა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებთანაც.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში - "თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის აღმოფხვრის საქმეში".