ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტი განიხილა. პროექტის მიხედვით, დაცვის მხარის უფლებები ბრალდების მხარის უფლებებს უთანაბრდება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის მიღებით სასამართლო უფრო ძლიერი იქნება. "ჩვენ გვინდა, რომ რეალურად შევქმნათ თანასწორობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებული საპროცესო კოდექსი, სადაც დაცვის მხარეს ექნება იგივე უფლებები, რომელიც აქვს ბრალდების მხარეს. ჩვენ ამ ცვლილებებით მხარს დავუჭერთ, რომ ადვოკატებს ჰქონდეთ მეტი გარანტიები, მეტი უფლებები, სასამართლო იყოს მეტად ძლიერი. ეს არის კომპლექსური ცვლილება, რომელიც ბევრ საკითხს ეხება", - აღნიშნა ბესელიამ.
კანონპროექტის თანახმად, უფლებები ეზრდებათ პროცესებში მონაწილე ადვოკატებს. საპროცესო კოდექსი დღეს ადვოკატს უფლებას ანიჭებს, გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამ ჩამონათვალს გამოკითხვის ოქმებიც ემატება და პროექტის თანახმად, უზრუნველყოფილია ადვოკატის უფლება, მეორე მხარისგან გამოკითხვის ოქმები მიიღოს. ამასთან, ფართოვდება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საჩივრის შემტანი სუბიექტების წრე და საჩივრის შეტანის უფლება, მსჯავრდებულთან ერთად, მის ადვოკატსაც ეძლევა.
იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც გადახედა. ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" იმ ნაწილშიც შედის, რომელიც საქმეში მტკიცებულებებსა და მტკიცების საგანს ეხება. პროექტის თანახმად, სასამართლო ვალდებული ხდება, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, დაასაბუთოს. ამავე ცვლილებებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მათ საეჭვოდ პროცესის მონაწილე არც ერთი მხარე არ ხდის.
ასევე მცირდება სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული ჯარიმები. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისთვის, ასევე პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ჯარიმების მაქსიმალური ზღვარი 5 000 ლარიდან 500 ლარამდე ჩამოდის. იცვლება სანქცია დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობაზე და ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ საპროცესო ხარჯები დაეკისრება.
გარდა ამისა, სასამართლო ვალდებული ხდება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში, განჩინების ასლი გასაჩივრების უფლების მქონე პირს გადასცეს.