დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება.
როგორც "ინტერპესნიუსთან" საუბრისას ფირცხალავამ განმარტა, ვიდეომასალა ორიგინალი რომ არ არის, ეს ისედაც ეტყობა და მასალა "ალბათ კასეტაზე განთავსებული ფირის კოპირებაა".
"მონტაჟი რას ნიშნავს, არ არის მკვდარი ადამიანი?! ავტომატები მიხატული აქვს, მიმონტაჟებულია ეს ყველაფერი თუ როგორ არის საქმე?! მე არ ვიცი მონტაჟი რას ნიშნავს, ახსნან სიტყვა, რას ნიშნავს მონტაჟი. მანდ არის დაახლოებით ხუთი-ექვსი წყვეტა, მაგრამ სამი წუთი და ორმოცი წამი არის უწყვეტი კადრი. რეალურად ასახავს შემთხვევის ადგილს. მაგის მერე არის წყვეტები", - აღნიშნა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნას არ გაცნობია და დასკვნა "წესით და რიგით მისთვის უნდა მიეცათ და ასე არ უნდა გამოექვეყნებინათ".
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.
"ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე, ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია" - ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე, (რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა) ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანიესპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.