ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.
"ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე, ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია" - ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე, (რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა) ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიან ექსპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.